სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N 1 საჯარო სკოლა. მწერლის შემოქმედების კვლევა. დოჩანაშვილი



დოჩანაშვილი-ჩემი არშემდგარი ბაბუა 

ტკბილო! შენ შემომიყვანე შენს კარცერ-ლუქსში და შიგნით გამომკეტე!

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა...

ჩემთვის უსაყვარლესმა, "ღმერთისფერი" თვალებით მომზირალმა, თითებგაცრეცილმა მწერალმა უამრავი ნაწარმოები შექმნა და მკითხველებს დიდი სიყვარულით გადმოგვცა. როდესაც მის ნაწარმოებებს ეცნობი, ხვდები, რომ ეს არ არის მიწიერი, არ არის აქაური და რომ ეს რაღაც ზეციურია, ზეციდან შთაგონებული და ამ ტკბილი ბაბუის ხელით გადმოცემული.

„ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი, თუ მართლა შენზე სიგიჟემ დააწერინა ეს ღვთიური ნაწარმოებები, მაშინ მეც ვგიჟდები შენზე! ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე როგორი ბაბუა იქნებოდა ჩემთვის დოჩანაშვილი, ალბათ ბუხრის წინ ზღაპრებს წამიკითხავდა, იმ ზღაპრებს ჯერ რომ არცერთ შვილიშვილს არ გაუგია თავისი ბაბუისაგან... და მე ბედნიერი ვიქნებოდი, უზომოდ ბედნიერი!

თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მისი ნაწარმოებები არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე ბანალური თემით, ვერც კი წარმოიდგენთ როგორია "ბაბუას" მიერ დანახული სიყვარული, როგორი სიმაღლე აქვს მის თვალში ამ გრძნობას...

"და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?

- ყაყაჩო!

- არა, ჩქარა ჭკნება!

- ენძელა!

- ნაზია ძალზე...

- გეორგინი!

- გაფოფრილია...

- ვარდი?

- შაბლონურია...

- აბა რა?

- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ..." („სამოსელი პირველი“) განა სიყვარულზე შეიძლება თქვა სხვა რამ, ამაზე ამაღლებული? "-დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო!" ("სამოსელი პირველი") განა შეიძლება უფრო მწვავედ შეიგრძნო ეს მართლაც რომ კაქტუსივით მკბენარი გრძნობა? გასაკვირია, ჯერ ასე მტკივნეულად შეიგრძნო და შემდეგ ასე ზუსტად გადმოიტანო ფურცელზე .

და კარცერ-ლუქსზე გსმენიათ რამე? ეს ისეთი რამეაა... ისეთი ტკბილი გარემოა... ამასთანავე ერთობ უცნაური რამეც არის, ვისთვის კარცერია და ვისთვის ლუქსი. ჩემს არშემდგარ ბაბუას ოცნებად გადაჰქცევია მკითხველების მომრავლება და ადამიანების წიგნთან დაახლოება,რაც 21-ე საუკუნის უმთავრესი პრობლემაა, ამიტომ ერთობ საინტერესო იდეა მოუფიქრებია და თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში გაუხმაურებია: "კარცერ-ლუქსი- წიგნებიანი თაროებით სავსე ,რბილი,მოხერხებული სავარძლით,კოხტა მაგიდაზე ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის,რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა,და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი უბრალოდ იქნება ლუქსი, მრავალთათვის კი კარცერი-ლუქსი..."("კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა") განა ამაზე უკეთესი გარემო შეიძლება შექმნა მკითხველისთვის? წიგნების მოყვარული ადამიანები აუცილებლად დამეთანხმებიან, რომ არა! შეიძლება ვიღაცისთვის ეს გარემო მართლაც კარცერი იყოს, ვიღაცისთვის წიგნებიც არაფერს წარმოადგენდეს და ასეთ ადამიანებს უამრავს ნახავთ დღეს, მაგრამ, საბედნიეროდ არსებობენ ლიტერატურის მოყვარული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გულში იხუტებენ წიგნებს და ოცნებად აქვთ გადაქცეული იმ სამყაროში მოხვედრა, რასაც წიგნებში ხედავენ. მაგრამ "ბაბუას" მარტო მკითხველთათვის როდი უზრუნია, მას მიზნად დაუსახავს ქუჩაში უსაქმოდ მდგარი ახალგაზრდების შეხიზვნა თავის "კარცერ-ლუქსში:"აი,ვთქვათ,მივდივართ...მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა და შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად - პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები -ტაც!- ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს... -ძალით?- აინტერესებს ხელმძღვანელს და პირველად იწერს რაღაცას. -დიახ, დიახ, ძალისძალათი, შესაძლოა ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერათ, ზოგს - სკოლის, ზოგს - ორგანიზაციის, სხვას - უჯრედისა, ზოგს- ცემა-ტყეპისა და კიდევ რავიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ უბადლოა..." ("კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა")

ჩემი აზრით, ის, რაც დოჩანაშვილს თავის ნაწარმოებში გაუხმაურებია ერთადერთი და ყველაზე კეთილშობილური საშუალებაა იმისათვის, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვალოს, მომრავლებული მკითხველი და წიგნთან დაახლოებული ადამიანი - ეს მსოფლიოს კეთილდღეობის საწინდარია, რადგან წიგნებში ვხედავთ იმას, რასაც ცხოვრებაში ყურადღებას არ ვაქცევთ, იქნებ ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანებმა შეიცნონ საკუთარი თავი, დაინახონ სილამაზე სამყაროში, გახდნენ უფრო კეთილშობილები და მომღიმარი სახით შეხვდნენ ყოველ დილას, განათლებით იბრძოლონ გაუნათლებლობის წინააღმდეგ, ტერორის და ომის წინააღმდეგ, ყოველგვარ სიბინძურეს სისუფთავე დაუპირისპირონ... სწორედ ეს სურს "ბაბუას" და თითოეულ მკითხველს. სწორედ ამას გვეუბნება წიგნის ენით და სულში გვწვდება მკითხველებს თავისი საოცრად ტკბილი საუბრით.

ზოგადად მწერლებს უმთავრესი მისია აქვთ დაკისრებული, მათ "ცა ნიშნავთ და ერი ზრდით, მიწიერი ზეციერსა", თითოეული მწერალი ერის წინამძღოლია, მათი ვალია საკუთარი "კეთილი სიტყვა" ხალხში დათესონ, ხოლო თუ ეს სიტყვა სამართლიანია, იგი აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, მწერლები აღწერენ იმას, რისი შეცვლაც არ შეუძლიათ, შეიძლება მათმა ფურცელზე ნაწერმა ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ ისინი მაინც წერენ, არ ნებდებიან, იმედი აქვთ, რომ ვინმე წაიკითხავს და ჩასწვდება მის ნააზრევს, ასეთები კი ცოტანი არიან... ისინი კი მაინც წერენ... და მართალნიც არიან, რადგან მათი სიტყვები გასაღებივითაა, სწორად შერჩეულით მათ შეუძლიათ გააღონ ნებისმიერი გული, ისინი გვაძლევენ იმედს, რადგან "ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, ასეთები კი იმედის მომცემნი არიან" (ოსკარ უაილდი). ჩემი "ბაბუაც" იმედისმომცემ მწერალთაგან ერთ-ერთია, მისი წიგნები სარკეა, რომელშიც მთელი გზა ისახება სიკეთისა და სიყვარულისა, მის ნაწერებში მთელი სამყარო ჩანს უთვალავი ფერით, მისი გულში ჩასახუტებელი წიგნებით ადამიანები უკეთესობისკენ იცვლებიან, კეთილშობილნი და თავმდაბალნი ხდებიან... ის ისეთი უბრალოა... მისი ნაწერები კი ყველასთვის გასაგები... გასაოცარია მისი წერის სტილი, ყველასგან გამორჩეული და მხატვრულად მრავალფეროვანი თავისი "ჩამომალაბორანტეთი", "ფართოჯიბეებიანი" ტანსაცმლით, რომლის ჯიბეშიც წიგნი უნდა ჩაეტიოს... ის ჰგავს "მოცურავეს, რომელიც მოდიდებული წყლის ტალღებს მხარულით მიაპობს, ძალა, თითქოს კი არ აკლდება, ემატება, "...და ...და ...და... და"... ყოველი ახალი "და", რომელიც წერტილის დასმის საშუალებას არ იძლევა, წინადადებას ხელოვნურად ართულებს და მკლავის ღონიერ მონასმს ჰგავს" (თენგიზ წოწონავა).

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა... დაიბადა ჩემთვის, შენთვის, თქვენთვის, მათთვის... და ასე შემდეგ უსასრულოდ ყველასთვის, ვისთვისაც წიგნი სულიერების საზრდო და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარა.... გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა... დაიბადა ჩემთვის! და მან ფრთაშესხმულ მკითხველად მაქცია, მკითხველად, რომლისთვისაც მსგავსი დიდებული ადამიანები და მათ მიერ შექმნილი სიყვარულის ნაწარმოებები სიცოცხლის წყარო გამხდარა... მიყვარს! და მე მაქვს ამ დიდი სიყვარულის უფლება!

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა... იგი ჩემთვის მწერლის იდეალია , თავისი უბრალოებით, ნათელი და მკრთალი ფერებით, ტკბილი საუბრით, წერისაგან გაცრეცილი თითებით, ფერმკრთალი თვალებით და მონათესავე სულით... ოცნებები თუ ოცნებებად არ რჩება, იქნებ ახდეს ბუხრის წინ "ბაბუას" მიერ ნაამბობი ზღაპრის ოცნება, იმ ზღაპრის, რომელიც არცერთ სხვა ბაბუის მიერ წაკითხულ ზღაპარს არ ჰგავს...


გამოყენებული წყაროები:

.გურამ დოჩანაშვილი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

.გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"

.თენგიზ წოწონავას კრებული "ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში"

.ოსკარ უაილდი "დორიან გრეის პორტრეტი"



მერკვილაძე იამზე

Comments